რეცენზია

გიორგი მაჭარაშვილი – დიდი მიახლოება

 „ვინც იხილა აწმყო, მან იხილა ყველაფერი: ისიც, რაც იყო მირიადი საუკუნის უკან და ისიც, რაც იქნება უკუნისამდე. რადგან ყველაფერი ერთგვაროვანია და ერთსახოვანი.“

მარკუს ავრელიუსი

I

ქართულ ლიტერატურა არც ისე მდიდარია ოჯახური საგებით. ჩემი აზრით, ეს ორი რამით აიხსნება: ქართველ მწერლებს ეზარებათ ვრცელი, რთული, მრავალშრიანი რომანების დაწერა, რომლებშიც უნდა აღწერონ არაერთი თაობის ისტორია და თანაც იმდენად ბუნებრივად, რომ მკითხველმა ის დაიჯეროს. მეორე მხრივ, ეს საქმე დიდ დროსთანაა დაკავშირებული. ასეთი ნაწარმოებები მალე არ იწერება, ავტორების უმრავლესობას კი თითქოს სადღაც ეჩქარება, მუდამ უხილავი წამზომი აქვთ ჩართული. სწორედ ამიტომაა, რომ ამგვარ ექსპერიმენტებზე ისინი იშვიათად მიდიან.

ოჯახური საგა ერთი დიდი გამოწვევაა ავტორისთვის, ვინაიდან ის მოითხოვს სხვადასხვა ეპოქის დამუშავებას (თუნდაც ეს იყოს გამოგონილი), შემდეგ მისი ძირითადი მახასიათებლების გამოყოფას, მთავარ პერსონაჟთა ამბავში ბუნებრივად ინტეგრირებას და, რაც მთავარია, ისეთი ჯაჭვური ისტორიის შექმნას, რომლის ყველა რგოლს შესაბამისი ფუნქცია ექნება. მაგალითად, ნინო ხარატიშვილმა თავის ერთ-ერთ ბოლო რომანში, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, დიდებული დასაწყისის მიუხედავად, ყოველი შემდგომი თაობა ნაკლებად დამაჯერებლად წარმოაჩინა, რის გამოც ტექსტის მეტად უცნაური დასასრული მივიღეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს წიგნი დიდებული ექსპერიმენტია, გაბედული ნაბიჯი, რომელიც ავტორმა გადადგა.

რთულია ოჯახური საგის აღწერა, ისე, როგორც ეს თომას მანმა („ბუდენბროკები“), გაბრიელ გარსია მარკესმა („მარტოობის ასი წელიწადი“), იოზეფ როთმა („რადეცკის მარში“), იზაბელ ალიენდემ („სულების სახლი“) და კიდევ რამდენიმე კლასიკოსმა მოახერხა ოდესღაც.

ბოლო პერიოდში თანამედროვე ქართულ ლიტერატურაშიც შეიქმნა ერთი საინტერესო ოჯახური საგა. ამ წერილში მინდა სწორედ თამრი ფხაკაძის ახალი წიგნის, „ჩვენ, თურმელების“, როგორც ამ ჟანრის წარმომადგენლის შესახებ ვისაუბრო. ჩავუღრმავდე ტექსტის თავისებურებებს სწორედ ჟანრული კანონიკის პერსეპქტივიდან.

II

„დრო არ არის ისეთი, როგორიც ეს სადგურის საათზეა, დიდი ისარი რომ აღნიშნავს გასულ ხუთ წუთს, დრო უფრო უმცირეს საათში აისახება, როცა საათის ისრის მოძრაობას ვერ ვამჩნევთ ან როცა თვალის შუმჩნევლად იზრდება ბალახი, თუმცა საიდუმლოდ ის მაინც იზრდება და ერთ მშვენიერ დღეს ეს სავსებით შესამჩნევი ხდება.“

თომას მანი, „ჯადოსნური მთა“

თამრი ფხაკაძის რომანი, „ჩვენ თურმელები“, 2022 წელს გამოიცა და მკითხველის ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. ავტორი ტექსტს 12 წლის განმავლობაში წერდა, შესაბამისად, მას არაერთხელ ჰქონდა გადაკითხული, ჩასწორებული, გადააზრებული ის ამბავი, რომლის შესახებაც სურდა  მკითხველისთვისაც მოეთხრო. მწერალი ამ რომანს, თავისი ცხოვრების წიგნად მიიჩნევს და მეც, როგორც მკითხველი, ამ მოსაზრებას სრულებით ვეთანხმები. ეს მართლაც არ არის ადვილი წიგნი, რომელიც შეიძლება ვინმემ 2-3 თვეში დაწეროს. თავად რომანი ვრცელი სრულებით არაა. ის 300 გვერდს მოიცავს, თუმცა მასში განვითარებული მოვლენები ბევრად ჩახლართული და კომპლექსური თამაშის ნაწილია, ერთგვარი ლაბირინთის, სადაც მკითხველს არაერთი გამოცანის, ალეგორიის, ალუზიისა და სხვა თავსატეხის ამოხსნა უწევს, რათა სრულად ჩაწვდეს ავტორის ჩანაფიქრს. მწერალი ხომ სათაურიდან იწყებს მკითხველის ჯადოსნურ სამყაროში შეთრევას, სადაც მათ ერთი, დიდი თურმელთა ოჯახის შესახებ მოუთხრობს, თანაც ეპიზოდურად. ტექსტში ხშირია დროითი ცვალებადობები, რის გამოც შეიძლება თავდაპირველად ადამიანი დაიბნეს კიდეც. რომანს ერთი გამოკვეთილი მთხრობელი არ ჰყავს. მეტაფორულად თუ ვიტყვით, თხრობაში ეპიზოდები კინოკადრივით მისდევს ერთმანეთს და მკითხველს ისღა დარჩენია, კამერას გაჰყვეს, რათა ხანდახან კულისებშიც შეიხედოს და კადრს მიღმა დააკვირდეს პროცესებს, რომელთაც ნაწარმოებზე არანაკლები გავლენა აქვს.

წიგნი შემდეგი სიტყვებით იწყება:„ჩვენ, ყველა, ვცხოვრობდით მთაზე, რომლის ფერხთითაც ოდესღაც ქალაქი გაშენდა. ჩვენ, ყველა, ვცხოვრობდით თეთრი, თლილი ქვის სახლში, რომლის წინკართან, ფილაქანზე, მშენებლებს ფერადი ქვებით ჩაეკირათ წარწერა: „დრონი მეფობენ“. აი, სწორედ ეს უკანასკნელი ფრაზაა თურმელების უსასრულო თავგადასავლის ამოსავალი წერტილიც. დიდი ისტორიის მქონე ოჯახის წევრები, რომელთაც თავიანთი ამბები შემონახული აქვთ და მათ ერთ სამოსახლოში აერთიანებენ. ესაა ადგილი, სადაც კედლები და ხანდახან მასში მოსიარულე, კარგა ხნის წინ გარდაცვლილი, მოფუთფუთე აჩრდილებიც დაუვიწყარ ამბებს ყვებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რომანის მთავარი გმირი, გარდა მასში მონაწილე პერსონაჟებისა, თავად მთაზე მდგარი სახლიცაა, რომელიც საუკუნეებია უკვე, რაც ამ ამბებს ინახავს და მზადაა იგი კიდევ დიდი ხნის განმავლობაშიც ატაროს თან. შენობის თითოეული ოთახი აქ მეტაფორულად არაერთ ისტორიას განასხეულებს. მათში შემავალი გმირები დიდი ხნის წინ მომხდარ თავგადასავალს უდგანან კვალში. მათ აწუხებთ არაერთი შეკითხვა, რომლებზე პასუხებიც არ მოეპოვებათ, თუმცა, იციან, რომ ყველა თურმელს შეუძლია მათი მიგნება და ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როდესაც მზის სხივი მათთანაც მიაღწევს.

შემთხვევითი როდია, რომ ოთახებში მოსიარულე თურმელები ყოველ 25 წელიწადში ერთხელ, ერთ, სენაკად წოდებულ სივრცეში გამოიკეტებიან ხოლმე, სადაც თავიანთი განვლილი ცხოვრების შესახებ ყვებიან. ეს არის მომენტი, რომელსაც ყოველი მათგანი ელოდება, ვინაიდან, მათ საშუალება აქვთ, გააცოცხლონ ის შორეული ისტორიები, რომელთანაც დიდი დრო აშორებთ. ერთია, როდესაც სხვისგან ისმენ რაიმე ამბავს, მაგრამ საერთოდ სხვა განცდაა უშუალოდ იმ ფურცლებთან შეხება, საიდანაც ესა თუ ის ეპიზოდი იღებს სათავეს.

თურმელებს თავგადასავლებისადმი სიყვარული აერთიანებთ, ისინი ერთდროულად მეომრებიც არიან, აბრაგებიც, უაზროდ მოხეტიალეებიც და მდიდარი, შორეულ ქვეყანაში გადახვეწილი მენავთობეებიც. მათ მუდამ განსხვავებული რამ ამოძრავებდათ, თუმცა ყოველი მათგანი, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, მაინც ცდილობდა შინ დაბრუნებას. თამრი ფხაკაძის რომანის პერსონაჟებისთვის სახლი მიზიდულობის წერტილია, სადაც ბოლოს ყველა ბრუნდება, მათ შორის ის „უძღები ძეებიც“, რომელთაც ოდესღაც ახირების გამო მიატოვეს იგი და თავგადასავლების საძიებლად გაეშურნენ. მთავარი განსხვავება ისაა, რომ აქ ისინიც დიდი პატივით მოდიან, ვინაიდან მათი ისტორია ახლა ფურცლებს უნდა გაუზიარონ, მომავალ თურმელებს, რომლებიც ამ ამბებზე გაიზრდებიან შემდგომ.

სათაური კარგად გამოხატავს იმ ნარატოლოგიურ თავისებურებას, რომელსაც ავტორი ტექსტში ხშირად მიმართავს. „თურმე“ (გვარის ფუძეც ესაა), ავტორი აზრით, „ორი სრულიად საპირისპირო განცდის გადმოცემის შემძლე სიტყვაა“. მას შეუძლია წინარე მოვლენაც დაახასიათოს და შემდგომ შედეგზეც ამავე დამაჯერებლობით გაგვიზიაროს ინფორმაცია. მართლაც, სიცოცხლეში კაცი ამბობს: „ცხოვრება თ უ რ მ ე წუთისოფელია, ხანმოკლეა”. მოკვდება და ახლა სხვები იტყვიან:„დიახ, ასე ყოფილა მართლაც, ცხოვრება თ უ რ მ ე წუთისოფელია, ხანმოკლეა”. ამრიგად, ეს სიტყვა ერთდროულად ბობოქარიცაა და მშვიდიც. იგი დინამიკასაც გამოხატავს და სტატიკასაც. მთავარი მხოლოდ ისაა, თუ როგორ გამოიყენებს მას ადამიანი.

სათაურის ამგვარი ახსნა თურმელების თავგადასავლებს საკმაოდ კარგად ერგება. მაგალითად, ამერიკაში გადახვეწილი ლიუქ თურმანი, რომელიც დიდი მენავთობეა, ერთ დღეს, სწორედ ამგვარი „თურმე“-ს ძალით შეეყრება ხელახლა ანანო შავთვალას, მის სიყვარულს, რომელიც დიდი ხნის წინ დატოვა სამშობლოში. სწორედ სარკისებურად ვითარდება უმცროსი ლუკა თურმელისა და კატო მაქსიმოვიჩის შეხვედრაც, რომელიც შემდგომ ამ პერსონაჟს ამერიკასთან აკავშირებს კვლავ და უცნობთან შეხვედრას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ადგილ-ადგილ მეჩვენება, რომ ავტორი ცოტათი ჩქარობს, როდესაც მოვლენებს აღწერს. ამერიკული სერიალი ხომ არაა, წვიმიან ამინდში, ახლადგაცნობილი ადამიანები, ერთ წამში ისე შეერწყან ერთმანეთს, რომ საღამო სავარძელზე სექსით დაასრულონ და შემდგომ ერთმანეთს მარადიულ სიყვარულს ეფიცებოდნენ. ერთი მხრივ, გასაგებია ავტორის ჩანაფიქრი, როცა ის ცდილობს, რომ მოგონებათა ძალა იმგვარად დაატეხოს თავს გმირებს, რომ ერთი დღე უსასრულობად აქციოს, თუმცა ზოგიერთ ეპიზოდს ეს სიჩქარე უფრო მეტად ვნებს, ვიდრე რაიმე სარგებელი მოაქვს. ლუკა თურმელი კატო მაქსიმოვიჩს ერთ დღეს სრულიად შემთხვევით გადააწყდება. ისინი ერთმანეთს გაიცნობენ და აღმოაჩენენ, რომ თურმე კატოს ბებიის მეორე ქმარი, ლუკას ნამდვილი ბაბუაა. ეს ხაზი საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენება, რაღაცით მაგონებს აპტონ სინკლერის „ნავთობის“ მთავარ გმირსაც კი, რომელიც იმდენად არის შეპყრობილი ნავთობის ძიებით, რომ რაღაც ეტაპზე ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება მისთვის. ავტორს ცოტათი სისასტიკე აკლია. ამერიკელი კოლეგისგან განსხვავებით ის დავიწყების გზას ირჩევს და ლუკ თურმანს გონებას უშლის, იმის ნაცვლად, რომ რეალობის პირისპირ დატოვოს. მეჩვენება, რომ იმ საშლელით, რომელსაც ავტორი ნაწარმოებში იყენებს, იგი კიდევ ერთ პოტენციურ სიუჟეტურ ხაზს აქრობს, რომელიც ლუკა თურმელს სამშობლოსთან აკავშირებს. თამრი ფხაკაძე გაურბის ამ მომენტს, ვინაიდან არ სურს, რომ ამბების უსასრულო თხრობაში ჩაითრიოს საკუთარი თავი. მან კარგად იცის ერთი რამ: უნდა დაწეროს მანამ, სანამ სიუჟეტი დამაჯერებელი იქნება. როგორც ჩანს, ლიუქ თურმანის თავგადასავლის ეს ნაწილი ამგვარად არ მიიჩნია ავტორმა.

ლუკა თურმელიც, ლიუქ თურმანის მსგავსად, ადგილ-ადგილ აჩქარების მსხვერპლია. ეს უაღრესად საინტერესო სახე, რომლის თვალწინაც ცოცხლდება თურმელების ისტორია, ბოლოს მეტისმეტად უცნაურად ამთავრებს. ადამიანი, რომელმაც ახლახანს იგრძნო, თუ რა არის სიყვარული, არაერთი შეკითხვა გაუჩნდა, ფიქრი მოეძალა, ოთხ კედელში აღმოჩენილი, სენაკში, ერთი სიტყვის დაწერასაც ვერ ახერხებს. მას ჯერ არ აქვს საკმარისად ნაცხოვრები, რომ რაიმე შექმნას დამოუკიდებლად, რის გამოც ამბების ლაბირინთში იკარგება. ავტორმა კარგად ჩაავლო მომენტს – მართლაც, ზოგჯერ ადამიანებს არც ისე ბევრი რამ გვაქვს დასაწერი. თითქოს ვცხოვრობთ, რაღაც მომენტები დაგვგროვებია კიდეც, მაგრამ, როცა ფურცელზე გადმოტანაზე მიდგება საქმე, თითქოს აზრები სადღაც იფანტება, გაგვირბის. იუნგი შენიშნავდა, რომ აუცილებელია განცდის კარგად გააზრება, რათა შემდგომ მის შესახებ რაიმე მკაფიოდ გამოთქვა. სწორედ ეს სჭირს ლუკა თურმელსაც. ამ კარგ მიგნებას ერთადერთი რამ აფუჭებს. ესაა ფინალი, როცა ლუკა უმიზნო ტყვიის სამიზნე აღმოჩნდება. მეჩვენება, რომ ავტორს ნაწარმოებში ადგილ-ადგილ ფინალობის პრობლემა აქვს და როცა არ იცის როგორ განავითაროს სიუჟეტური ხაზი, მყისვე რაიმეს შეამთხვევს ხოლმე გმირს. ეს ზოგჯერ წარმატებულიც აღმოჩნდება, თუმცა ხანდახან მნიშვნელოვნად ვნებს ამბავს. სწორედ ამის გამოძახილია ლუკა თურმელის დაჭრის სცენაც. ბაბუა სარგისის სიკვდილი აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენაა, ვინაიდან ამით თურმელების ახალ ამბებს შეიძლება დაედოს სათავე, თუმცა, მეორე მხრივ, ბიჭის დახეიბრება ისტორიის საერთო ლოგიკას არც ისე ბუნებრივად ებმის. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი 12 წლიანი ბატალიის დასასრულებლად კეთდება, თუმცა ცალსხაა – ამან ისტორიას მნიშვნელოვნად ავნო. კატო მაქსიმოვიჩის ფეხმძიმობა და ბოლო სიტყვები – ერთგვარ იმედს უტოვებს ადამიანს, თუმცა ეს არ არის ის შემთხვევა, როცა მკითხველი „ბედნიერ დასასრულს“ ელოდება. იგი მზადაა საგვარეულოს დანთქმაც კი იხილოს, თუკი მას ავტორი ჯეროვნად აღწერს და დამაჯერებელს გახდის მკითხველისათვის.

ნაწარმოების ერთ-ერთ მაგისტრალურ ხაზს ანთიმოზ თურმელის ამბები წარმოადგენს. იგი ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელია, ერთგვარი ლეგენდარული კაცი, რომელზეც მუდამ ყვებიან ოჯახში. უნდა აღინიშნოს, რომ ანთიმოზის ნარატოლოგიური ხაზი, ალბათ, ერთ-ერთი ის ისტორიათაგანია, რომელსაც სუსტი წერტილი თითქმის არ მოეძებნება. ესაა ამ წიგნის მთავარი ქვაკუთხედი. თამრი ფხაკაძის ოსტატობაც – სწორედ ამ ამბის გადმოცემაში ჩანს. საოცარი სიდინჯით, უჩვეულო ფორმითა და ენობრივი სიმდიდრით გადმოსცემს მწერალი ამ ადამიანის ისტორიას. ასე მაგალითად, იგი ერთგან წერს: „ანთიმოზ თურმელს მთაზე ასვლა უყვარდა. ქვემოთ თვალუწვდენელი, ხრიოკი ველები გადაწოლილიყო. მდორედ, ხაკისფრად მოიგრაგნებოდა მდინარე, ალბობდა ნაპირებს, მოჰქონდა და მოჰქონდა დრო… და ქვემოთ, ეკლიან, ხრიოკ ტრამალზე ანთიმოზ თურმელს ჰქონდა სენაკი, საყუდელი.“ სხვაგან: „ანთიმოზს მთაზე ასვლა უყვარდა. გაზაფხულობით, ახლად თოვლდამდნარზე, მიწა რბილი იყო, იოლად სავალი… ზაფხულობით – სიცხისგან დახეთქილი, ბალახგამხმარი, ხმელი. შემოდგომობით – ფოთოლმოფენილი, მოხალიჩებულ-მოფარდაგებული, ზაფხულიდან მხურვალება-ჩამდგარი, სითბოგამოყოლილი. ზამთრობით – თოვლქვეშ ჩამყუდროებული, გარინდული, ცივი, გამკაცრებული“.

ბუნების ცვალებადობა თან ერწყმის ანთიმოზის ასკეზას. იგი საკუთარ თავში რაღაცას დაეძებს, ოღონდ ბუნდოვნად ახსოვს – რას. მისი ცხოვრების წესი ფოიერბახის სიტყვებსაც შეიძლება მოგვაგონებდეს: „ტანჯვა არის ქრისტიანობის უმაღლესი მცნება, თვითონ ისტორია ქრისტირანობისა კაცობრიობის ტანჯვის ისტორიაა“. მხოლოდ დიდი ტკივილიდან შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. ეს ანთიმოზმა საწყის ეტაპზე სრულებით არ იცის. იგი საკუთარი ამბების წერას იწყებს და ცდილობს აღიდგინოს ყველაფერი ის, რამაც განმარტოებისკენ უბიძგა. ერთხელაც მასში ახალმა ადამიანმა დაიწყო არსებობა. ანთიმოზი წლების განმავლობაში ოჯახსაც კი განეშორა, მიივიწყა შვილები – აბესალომი და კააბო, თავისი მეუღლე და განცალკევებით დაიდო ბინა. ავტორი ერთ ბრწყინვალე დეტალს, აზრს აგნებს ამ პერსონაჟის აღწერისას: ადამიანები შესაძლოა ჩვენს გვერდით იყვნენ, მაგრამ ვინაიდან შემთხვევითობის ძალით გზები არ იკვეთება, ამიტომ მათი შემჩნევა გვიჭირს. ფიხტეც ამას ამბობდა, როცა წერდა, რომ ოდესღაც ადამიანი აუცილებლად გაივლის სხვის გზას, გაიგებს ზუსტად იმ განცდების შესახებ, რაც ვიღაცამ უკვე გამოსცადა, მაგრამ როდის იქნება ეს, არავინ იცის. ამიტომ „მოდის და მოდის“ დრო ნაწარმოებში, თუმცა იქამდე არ ბრუნდება ანთიმოზი უკან, ოჯახთან, სანამ შემთხვევითობის ძალა მას კვლავ არ შთაბერავს სიცოცხლისათვის საჭირო ენერგიას.

ანთიმოზი არის თურმელთა მთავარი მემატიანე და ისტორიის საწყისი. თუკი რომელიმე მათგანი (მაგალითად კააბო) ვერ ახერხებს რაიმე მიზეზით ამბის მოყოლას 25 წლის პერიოდულობით, სწორედ ამ ადამიანის ლანდი ავსებს მათ ისტორიას წიგნში. გამონაკლისი ამ მხრივ ედგარია, პოეტი, რომელმაც კედლებზე უკვდავყო საკუთარი არსებობა და იგი ფურცლების ტყვედ არ აქცია. ანთიმოზის აღსასრულისას ავტორი არ ცდება, როცა მას აუჩინარებს და ხორციელად არ კლავს. სენაკში შესული ყოველი თურმელის მეგზური სწორედ ეს პიროვნებაა. ამიტომაც აღფრთოვანდება ლუკა განსაკუთრებით მისი ამბებით და ამის ფონზე საკუთარი ისტორიები ფერმკრთალად მოეჩვენება, სრულიად უფერულად. ძნელია დაჩრდილო ანთიმოზის მსგავსი ადამიანის ამბები, მით უფრო ისეთ ადრეულ ასაკში, როგორშიც მთავარი გმირია. ალბათ ამიტომაცაა, რომ იგი მხოლოდ კითხულობს, მაგრამ საკუთარ კვალს არ ტოვებს, თითქოს ოთახში არც კი ყოფილაო.

III

„ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, დამოკიდებულია შენს პირად ძალისხმევაზე, შესაბამისად, შენ არ შეგიძლია იცხოვრო სამყაროში, სადაც უცნობია წყაროები, რომლებიდანაც შენთან მოვლენები მოდის…“

მერაბ მამარდაშვილი, „ცნობიერება და ცივილიზაცია“

რომანში ავტორი არაერთი ბიბლიური თუ მითოლოგიური არქეტიპის სახეცვლილ ვარიანტს გვიჩვენებს. ასე მაგალითად, ბრაზილიაში ქმრის საძებნელად წასული ქალი პირდაპირ იმეორებს ოდისევსის განვლილ გზას, ოღონდ ამ შემთხვევაში იგი პენელოპას სახით გვევლინება. ვფიქრობ, ეს სიმბოლოს მშვენიერი რევერსული ფორმაა, თუმცა კითხვისას ჩემი ყურადღება, მაინც კააბოსა და აბეს ამბავმა მიიპყრო, რომელიც აბელისა და კაენის ისტორიის გადასხვაფერებულ ვერსიას გვიამბობს. ეს ამბავი რაღაცით ბორხესსაც ენათესავება, რომელიც თავის მოთხრობაში „შემოჭრილი“ დიდებულად გარდაქმნის ამ არქეტიპულ ბიბლიურ თქმულებას და მას სრულიად ახლებურ საზრისს შესძენს. მგონია, რომ თამრი ფხაკაძეც ამ ვარიაციის გავლენის ქვეშ უნდა იყოს, უბრალოდ მას ნაკლებად ჰყოფნის გამბედაობა, ბორხესივით მთელი პასუხისმგებლობა ქალს დააკისროს, ამიტომ ისევ კააბოს ჰკიდებს ტვირთს და საბოლოოდ მას გაიმეტებს მსხვერპლის როლისათვის.

საქმე ისაა, რომ აბეს ერთი გოგონა შეუყვარდება, რომელსაც მისი ძმა სრულიად შემთხვევით გადაეყრება ქოხში. მას აქამდე სერიოზულად არც კი შეუხედავს გოგონასთვის, თუმცა იმ წამს, როდესაც მას სახლში დაინახავს, გულში რაღაც გახმიანდება. ზუსტად ანალოგიურ ამბავს მოგვითხრობს ბორხესიც. ძმები ერთად თანაცხოვრობენ, თუმცა რა წამსაც ერთი ცოლად შეირთავს გოგონას, მეორესაც სწორედ იგი შეუყვარდება. კააბო ცდილობს საკუთარ თავს ბრძოლა გაუმართოს, ჩუმად, ლანდივით დაიპარება აქეთ-იქით, გული უწვრილდება ქალის დანახვისას, მაგრამ მას არ ეკარება. ბორხესი ბევრად შორს მიდის, როდესაც ერთ ძმას, მისი ცოლის გაჟიმვის უფლებას აძლევს. ცხადია, ეს საკმაოდ უცნაური, გაბედული სიუჟეტური გადაწყვეტილებაა, რომელსაც დაგეგმვა და მომზადება სჭირდება. თამრი ფხაკაძე გაქცევის გზას მიმართავს. ასეთი სიუჟეტური გადაწყვეტა არ არის ახალი და იგი ხშირად გამოუყენებიათ. ასე მაგალითად, „უმანკოთა ხანაში“ არც ნიულანდ არჩერი ადის ბოლოს ელენ ოლენსკას სანახავად და მის მოგონებას მარად სტატიკურ ფორმაში ყინავს, თუმცა აქ ერთი საინტერესო დეტალია. იმ წამს, როდესაც კააბო გულში ძმის მკვლელობას გაივლებს, იგი მას არ აღასრულებს და უბრალოდ მიდის სახლიდან. აი, რას წერს თავად ავტორი ამ ამბავთან დაკავშირებით: „კაცობრიობა და, მით უფრო, ლიტერატურის მიერ შეთხზული კაცობრიობა, ამ ორი ძმის თარგზეა აჭრილი. იცვლება მოდა, იცვლება ქსოვილი, იცვლება ფერები და მოტივები, იცვლება რეალური და იცვლება ხელოვნებისმიერი ეპოქები, მაგრამ აბელის და კაენის ამბის ძირითადი თარგი იგივე რჩება. ჩემთანაც ესაა: არ მოკლა კააბომ აბე, მაგრამ ეს მაინც აბელ-კაენის მარადიული წყვილია.“

ალბათ, ეს არ არის აბელისა და კაენის ყველაზე დასამახსოვრებელი ისტორია, თუმცა თავად მცდელობა, რომ კანონიკურ ამბავში ცვლილებები შეიტანოს ავტორმა და ის ახლებურად წარმოაჩინოს, მხოლოდ დადებითად აღნიშვნის ღირსია. ამგვარი ამბები საკმაო გაბედულებას მოითხოვენ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბორხესმა იგი საერთოდ ახალ საფეხურზე აიყვანა, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაურთულა სხვა ავტორებს ამ ისტორიასთან შეჭიდება.

IV

დასასრულს აუცილებელია ორიოდ სიტყვა იმ გამოხმაურებებზეც ვთქვა, რაც წიგნმა გამოიწვია. ერთ-ერთი განხილვის კითხვისას შემდეგ მოსაზრებას გადავაწყდი; „რომანი ერთ ოჯახსა თუ დინასტიაზე, ქართული ბუდენბროკებისა თუ მარტოობის ასი წელიწადის ამბავი თურმელების ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს“. მინდა ვთქვა, რომ ეს ნაწარმოები არც ბუდენბროკებია და არც მარტოობის ასი წელიწადი. მეტიც, მათგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებს. ამგვარი შეფასებები ერთგვარად ვნებს პროცესს და რომანს, ავტორთან ერთად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, ვინაიდან ადამიანები მყისვე კლასიკურ ნაწარმოებთან იწყებენ შედარებას, მათთან პარალელების გავლებას, რის შემდგომაც ნაწერი ჩრდილში ექცევა. თამრი ფხაკაძის ეს რომანი ამგვარ რამეს სრულებით არ იმსახურებს. გაბედულების თვალსაზრისით, ეს „დიდი მიახლოებაა“ იმ ოჯახურ საგებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს მანს, მარკესს, ალიენდესა და სხვებს დაუწერიათ. მართალია, ამბისა და განვითარების თვალსაზრისით ბევრი რამ აკლია, თუმცა უამრავი ღირსებაც აქვს. მწერალმა უნდა გაბედოს და შეეჭიდოს თემას, რომელსაც აქამდე ყველა ერიდებოდა. გაუკვალავში სიარული არასდროსაა ცუდი, თუკი შენ ამის ძალა შეგწევს. ის, რომ ვიღაც გარკვეულ გზას არ ირჩევს, არ ნიშნავს, რომ იგი ვინმემ არ უნდა გაიაროს.

ამ მხრივ, თამრი ფხაკაძის „ჩვენ თურმელები“ ნამდვილად წარმოადგენს აღმოჩენას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წერის 12 წელიწადს ურიგოდ არ ჩაუვლია…

© არილი

Facebook Comments Box