კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური პოლარიზაცია და მისი შედეგები საქართველოში

23 აგვისტო, 2016
 
 ალეკო ცქიტიშვილი

 
პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული უფსკრული და პოლარიზაცია საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევა. პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში სერიოზულ პრობლემად გამოკვეთა ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთომ. პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით საპარლამენტო არჩევნების წინ იჩენს თავს, როდესაც პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება სისხლიან შეტაკებაში გადაიზრდება ხოლმე და ამ შეტაკებებში ამომრჩეველიც არის ჩართული.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საქართველომ უნდა დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაციის დღევანდელი დონე. განვითარების ახალ ეპატზე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია უფრო მეტად მრავალფეროვანი და პლურალისტული პოლიტიკური გარემო, სადაც მხოლოდ ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა კი არ იქნება პოლიტიკის დღის წესრიგის განმსაზღვრელი, არამედ სხვა პარტიებიც აქტიურად ჩაერთვებიან ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ამ საკითხებზე 18-19 ივლისს ორი დღე მიმდინარეობდა დისკუსია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“. დისკუსია უფრო მეტად გულახდილი რომ ყოფილიყო, წინასწარი შეთანხმებით, მონაწილეთა კონკრეტული მოსაზრებები არ უნდა მოხვედრილიყო მედიაში. humanrights.ge იცავს ამ შეთანხმებას და მხოლოდ რამდენიმე ზოგად მიგნებას და პოზიციას წარმოადგენს, რაშიც მონაწილეები ერთმანეთს დიდწილად ეთანხმებოდნენ.
 
დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია პოლიტიკური პოლარიზაციის ისტორიაა. ზვიად გამსახურდიას დამხობა, თბილისის ომი, შეიარაღებული დაპირისპირება დასავლეთ საქართველოში, ეთნოკონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, პოლიტიკური ოპონენტების სისხლის სამართლებრივი დევნა და პოლიტპატიმრების რამდენიმე ტალღა, ხელისუფლების ცვლა სისხლიანი თუ ხავერდოვანი გადატრიალების გზით - მსგავსი რადიკალიზმი იყო ნიშანდობლივი საქართველოსთვის 2012 წლამდე, ვიდრე ხელისუფლება არჩევნებით არ შეიცვალა. თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კვლავ ვხედავთ ისეთ შეტაკებებს, როგორიც მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნებისას, 22 მაისს. 
 
პოლიტიკურ პარტიებს შორის ცივილიზებული, დემოკრატიული ოპონირება გულისხმობს ისეთ ურთიერთობას, როდესაც მოწინააღმდეგე არ არის წარმოდგენილი მოსისხლე მტრად, ქვეყნის დამაქცევრად და შესაძლებელია მასთან თანამშრომლობა. თუმცა, ასეთი ტრადიცია საქართველოსთვის უცხოა. 

პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, პოლარიზაციის მთავარ გამოხატულებად მიიჩნევენ მტრის ხატზე აგებულ პოლიტიკას. მათი შეფასებით, უკანასკნელი ოცდახუთი წლის განმავლობაში ყოველთვის ერთმანეთს ეჯახებოდა ორი თვალსაზრისი და ორი პოლიტიკური ძალა. მტრის ხატი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში ჩაისახა, როდესაც მოწინააღმდეგე აზრის მქონე პოლიტიკოსი ცხადდებოდა „კრემლის აგენტად“ ან „სუკის აგენტად“. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლისას კი ეს იქცა ქართული პოლიტიკის მთავარ ნარატივად, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა უარს აცხადებდა ოპოზიციასთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე, რადგან მას „კრემლისა და სუკის აგენტებად“ წარმოადგენდა. იგივე ტიპის პოლარიზაცია გაგრძელდა შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდშიც  და შემდგომ - ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ოპოზიციისგან მიზანმიმართულად ქმნიდა მტრის ხატს და შესაბამისად ამართლებდა მასთან ბრძოლას ნებისმიერი მეთოდით.

ექსპერტები პოლიტიკური პოლარიზაციის განმსაზღვრელ პრომლემად მიიჩნევენ დომინანტი პოლიტიკური ძალის მიერ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიუღებლობას, როდესაც იგი მიზანმიმართულად ცდილობს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების მარგინალიზაციას. „არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველაფერი ჩემია და მოწინააღმდეგეს არაფერი არ უნდა დარჩეს!“ - ამ პრინციპით მოქმედი დომინანტი პოლიტიკური ძალა უარყოფს ოპოზიციის ნებისმიერ ინიციატივას, თუნდაც ის ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს. ამავე დროს, როგორი რადიკალური ქცევის წესებიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, იგივე წესებით მოქმედებს მათი ამომრჩეველი, რაც ქვეყანაში ზრდის აგრესიას. „გამარჯვება ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი ფორმით!“ - ამ დევიზით მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია გულისხმობს მეორე მხარის წარმოჩენას დამნაშავედ, კრიმინალურ გაერთიანებად, რის გამოც მისი დამარცხება გამართლებულია თუნდაც ეს არჩევნების გაყალბების გზით ან სხვა ძალადობრივი ფორმებით მოხდეს. 

დისკუსიის ერთ-ერთი მომსხენებლის თქმით, ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში ერთი რომელიმე სოფლის მოსახლეობა შეიძლება უფრო მძაფრად დაუპირისპირდეს ერთმანეთს, ვიდრე თვითონ პარტიები. სამომავლოდ დაპირისპირებულმა პარტიებმა შესაძლოა, საერთო ენაც გამონახონ და პოლიტიკური ბლოკებიც შექმნან, მაგრამ სოფელში ლოკალურ დონეზე დასული კონფლიქტი ხშირად მოუშუშებელ ჭრილობად რჩება და მეზობლებს შორის დიდხანს გრძელდება დაპირისპირება.

დისკუსიის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველი კვლავ ხელოვნური ბიპოლარიზების მომსწრეა, როდესაც ორი პოლიტიკური ძალა არის ძირითადი აქტორი და მედიაც უმეტესად მათ აქტივობებს აშუქებს. 

„შესაძლოა, ასეთი ორპოლუსიანი პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგია წინასაარჩევნო გამოკითხვები, რომლის თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევნებზე მისვლას არ აპირებს. ამავე დროს, ცხელი თემები, როგორიცაა, მაგალითად, კორცხელის ინციდენტი, ფარავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დიდ თემებს, როგორიცაა, მაგალითად, განათლების რეფორმა, ბავშვთა უფლებების დაცვა და სხვა. ამომრჩეველს უჩნდება უიმედობის განცდა, როდესაც ხედავს, რომ ქვეყანა წრეზე ტრიალებს. ჩვენ კვლავ დიდხანს დავრჩებით ამ მოჯადოებულ წრეში, თუკი ძალადობა არ გამოირიცხება პოლიტიკური არსენალიდან, პოლიტიკოსები არ შეწყვეტენ ხელოვნურად მტრის ხატის შექმნას და არჩევნები არ ჩატარდება სამართლიან და თავისუფალ გარემოში“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
 
„პოლიტიკური სპექტრი სანამდეც დაკავებული იქნება ქვების სროლით, მანამდე სულ გვექნება პოლარიზებული გარემო“, - აღნიშნა ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა დისკუსიისას. მისი აზრით, მთავარი პოლიტიკური სუბიექტები პოლარიზებულ გარემოში უკეთესად გრძნობენ თავს და შესაბამისად, მათ სჭირდებათ კორცხელის ინციდენტის მსგავსი ისტორიები ამომრჩევლებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. 
 
იგივე აზრი აქვს ახლადშექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრს, რომლის შეფასებით, დღესდღეობით პოლარიზების ერთ-ერთი მიზეზი არის ორპოლუსიანი ქართული პოლიტიკა, როდესაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან დაძაბული ორთაბრძოლით ცდილობენ ამომრჩევლის მიმხრობას და არ არიან დაინტერესებული, ხელი შეუწყონ მრავალპარტიული გარემოს შექმნას.

უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლარიზების ერთ-ერთ შედეგად მიიჩნევენ მართლმსაჯულების ხარვეზებით დაზარალებულ ათასობით მოქალაქეს, რომელთა დიდი ნაწილი ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. უფლაბადამცველთა აზრით, ამ შედეგის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მათი უფლებების აღდგენისა და მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის გზით. მნიშვნელოვანია, ამ პროცესს სახელმწიფომ ხელი შეუწყოს და შექმნას კონკრეტული მექანიზმები, რათა ადამიანებს ჰქონდეთ სამართლებრივი და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის შესაძლებლობა. 
 
 

ახალი ამბები