პირველი, რაც ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანის, „ტურისტის საუზმის“ ხელში აღებისას თვალში მოგვხვდება, ეს წიგნის ფორმაა. ერთი მხრივ, ის უბის წიგნაკს ჰგავს, – თავისი სანიშნითურთ, მეორეს მხრივ კი, პასპორტს, რომლის ყდაზეც უძველესი ქართული სიმბოლო – ბორჯღალია გამოსახული.

თავისთავად, პასპორტი ადამიანის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტია – მასში აღნიშნული მონაცემები ეჭვს არ უნდა იწვევდეს, უბის წიგნაკი კი, რომელიც ერთგვარ დღიურს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მფლობელის შესახებ უფრო სუბიექტურ, ზოგჯერ მიკერძოებულ, საერთო ჯამში, არაოფიციალურ ინფორმაციას გვაძლევს. „ტურისტის საუზმის“ ასეთი ფორმა, რასაც ეს ორი, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ნიშანთა გაერთიანება წარმოქმნის, მწერალს საშუალებას აძლევს მოხერხებულად ჩაითრიოს მკითხველი ისეთ ლიტერატურულ თამაშში, სადაც ძნელია ნამდვილსა და გამონაგონს შორის ზღვარის დადგენა. ავტორი ამ თამაშში საკუთარ ინდივიდუალურ გამოცდილებასთან ერთად, მთელი ქვეყნის იმ საერთო გამოცდილების ჩართვასაც ცდილობს, რომელიც საბჭოთა და შემდგომში პოსტ-საბჭოთა პერიოდის საქართველომ დააგროვა.

რომანის სათაური ძალაუნებურად გვამისამართებს ამერიკელი მწერლის კურტ ვონეგუტის რომანთან „ჩემპიონის საუზმე“, რომელთან გარკვეული ნათესაობა უდავოდ სახეზეა. „ჩემპიონის საუზმეც“ ამერიკული იაფი საკვებია, რომელსაც ტექსტში ავტორი თითქოს რეკლამას უწევს და საკუთარი ნაწარმოების „სიიაფეზე“ მიგვანიშნებს. თუმცა ზაზა ბურჭულაძისეულ სათაურს კიდევ განსხვავებული კონოტაციაც აქვს. „ტურისტის საუზმეც“ საბჭოთა პერიოდის უიაფესი კონსერვი იყო, რომელში ჩაწყობილ თევზებსაც მწერალი რომანის სტრიქონებში ჩალაგებულ სიტყვებს ადარებს. ახლა კი, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და საქართველო დამოუკიდებელია, ამ გამოცდილების გადააზრება მაინც ნელა და ძნელად მიმდინარეობს. სწორედ ასევე, როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე რომანის ტექსტსაც დაჰკრავს უკვე აღარარსებული კონსერვის მსგავსი წარსულის გემო.

წიგნის გადაშლისთანავე, სათაურის ქვეშ ვხედავთ წარწერას: „რომანი“, რაც თავიდანვე მიგვანიშნებს, რომ საქმე ფიქციონალურ ტექსტთან გვექნება. დღიურის ფორმა კი თითქოს სხვა რამეს გვეუბნება: დღიური, ერთის მხრივ ავტორის რეალურ განცდებს და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების აღწერას ემსახურება, ანუ საქმე დოკუმენტურ ტექსტთან გვაქვს. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, დაახლოებით ისეთი ილუზია, როგორის შექმნასაც რეალისტი ავტორები ცდილობდნენ ხოლმე. მართალია, ტექსტი ფიქციონალურია, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ის გარე კონტექსტებიდან იზოლირებულია. პირიქით, „ტურისტის საუზმე“ რეალურ ხელშესახებ პრობლემებს უტრიალებს. ეს ყველაფერი პოსტმოდერნიზმის პერსპექტივიდან შესაძლოა ფრაგმენტულად მოჩანდეს: ავტორი სინამდვილეზე გვესაუბრება, მაგრამ თან ერთგვარი ოპტიკურ ცდომილებასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ავტორსა და მკითხველს შორის ამგვარი შეთანხმება პოსტმოდერნის ეპოქაში არ მოუგონიათ, რეალისტი ავტორიც ტრადიციული ტექსტის შექმნისას „თავს იზღვევდა“, ფიქციონალურ თხრობას, მხატვრულობას ეფარებოდა. მიუხედვად იმისა, რომ დოკუმენტურსა და მხატვრულ ტექსტს შორის ზღვარის გავლება რთულია, ამგვარი ორმაგობა ავტორს მთლიანად ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ტექსტში შემოიყვანოს რეალური, მათ შორის, საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანებიც (მსგავსი რამ ზაზა ბურჭულაძეს ადრეც გაუკეთებია), ხშირად ისინი ისეთ კონტექსტში არიან მოხსენიებულნი, შესაძლოა, ავტორის დიდად მადლიერნი არც დარჩენილიყვნენ.

აქ აუცილებლად ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ზაზა ბურჭულაძისეულ ეპატაჟს, რისი წყალობითაც ქართული საზოგადოების გულისწყრომა არაერთხელ დაუმსახურებია. ის ქართველ მწერალთა შორის ერთ-ერთია, რომელიც რისკზე წასვლას არასოდეს მორიდებია, მისეული ეპატაჟიც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუმცა ეს ყოველივე, როგორც ჩანს, მხოლოდ საზოგადოების პროვოცირებას არ ისახავდა მიზნად. ზაზა ბურჭულაძის ეპატაჟის მთავარი მიზანი, კომფორტის ზონიდან გამოსვლასთან ერთად, საზოგადოებისგან დისტანცირებაცაა. აღნიშნულს კი ორი გზით შეიძლება მიაღწიოს მწერალმა: მან ან უნდა გააგრძელოს ცხოვრება იმ საზოგადოებაში რომელსაც აკვირდება, მაგრამ  მოახდინოს საკუთარი თავის მარგინალიზაცია: რაც ზაზა ბურჭულაძემ თავისი შემოქმედებით ნამდვილად მოახერხა. მეორე გზა კი არის ქვეყნის ფიზიკურად დატოვება. ამ შემთხვევაში აუცილებლობას აღარ წარმოადგენს ვინმეს პროვოცირება და გაღიზიანება. ემიგრაციაში მწერლისთვის შეიძლება სულაც არ იყოს ცხოვრება მარტივი, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენს ახალ გამოწვევას, ახალ საფეხურზე გადასვლის საშუალებას.

 

1 2