Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ექსპრეზიდენტის 5 საქმე და 4 საპატიმრო განაჩენი

ექსპრეზიდენტის 5 საქმე და 4 საპატიმრო განაჩენი


რადიო თავისუფლებამ გადახედა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ და დასრულებულ საქმეებს.
რადიო თავისუფლებამ გადახედა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ და დასრულებულ საქმეებს.

ბოლო 5 დღეში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მაქსიმალური საპატიმრო სასჯელი კიდევ 3.5 წლით გაიზარდა და ჯამში 12.5 წელი შეადგინა. 17 მარტს, რიგით მე-4 განაჩენის [4.5 წელით პატიმრობა] გამოცხადებისას მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სააკაშვილის სასჯელები შეკრიბა.

თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, ყველაზე ხანგრძლივი ვადაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს, ცალ-ცალკე აღებული, სისხლის სამართლის 4 საქმის განხილვის შემდეგ მიუსაჯეს. ხუთიდან ოთხ საქმეზე განაჩენი უკვე გამოცხადებულია. კიდევ ერთ საქმეზე - სასამართლო განხილვა გრძელდება.

თავად მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახი, ადვოკატები და მხარდამჭერები ამ საქმეებს - პოლიტიკურ შურისძიებასა და “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ, პრორუსულ პოლიტიკას მიაწერენ. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავს ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად თვლის.

2021 წლის ოქტომბერში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი, თითქმის 2 წელია, რაც საპატიმრო სასჯელს კლინიკა „ვივამედში“ იხდის.

რადიო თავისუფლებამ გადახედა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ და დასრულებულ საქმეებს.

N1 საზღვრის უკანონო კვეთა

17 მარტს გამოტანილი განაჩენის თანახმად, უშუალოდ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის გამო ექსპრეზიდენტს პატიმრობა ოთხი წლითა და ექვსი თვით მიესაჯა. თუმცა მოსამართლემ, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის ჩანაწერზე მითითებით, ორი სასჯელი შეკრიბა და გამოცხადებულ განაჩენს 8 წელი დაამატა.

„ამ განაჩენით [საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე] ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის [„პიჯაკების საქმე“] განაჩენით დანიშნული სასჯელი, 8 წელი... საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიხეილ სააკაშვილს ძირითადი სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით“, - განმარტა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 17 მარტს.

„ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, იქამდე სასამართლო ფარსია და რასაც დაავალებენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს", - უთხრა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს 17 მარტს, პროცესის შემდეგ.

საზღვრის გადაკვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი 2021 წლის 20 ოქტომბერს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ის, საქართველოში მოულოდნელად დაბრუნებული, 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს.

  • გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 28 სექტემბერს ღამით, ბორან “ვილნიუსით” დაბრუნდა - რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში დამალული.
  • ტრაილერის მძღოლი, 63 წლის ელგუჯა ცომაია ამბობდა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ექსპრეზიდენტის თანამგზავრობა ჯერ უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთისკენ, შემდეგ აბაშისკენ, ბათუმისკენ და ბოლოს - თბილისისკენ.
  • ამავე საქმეში დანაშაულის დაფარვაზე ბრალდებული წოწორიას ნაამბობით, გზად მათ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ - არც ტრაილერი და არც სხვა ტრანსპორტი რიგიანად არავის შეუმოწმებია.


2022 წლის იანვარში, სასამართლოში დაკითხვისას, ელგუჯა ცომაიამ თქვა, რომ არაჟნით დატვირთული ტრაილერის მაცივარში 15 წუთით ყოფნა მიხეილ სააკაშვილს, ჯერ კიდევ გემზე, ფოთის პორტში გადმოსვლამდე მოუწია. მანამდე, გემზე ის ჩვეულებრივ - „კაიუტაში“ იყო. უკვე ფოთიდან თბილისამდე, ცომაიას მონათხრობით, სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებოდნენ.

ელგუჯა ცომაია თავიდანვე ამბობდა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა მას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინაში მყოფმა გია ლორთქიფანიძემ სთხოვა; რომელიც, ცოტა ხნით ადრე, გარკვეული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა და ამიტომ ემადლიერებოდა.

  • 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ სააკაშვილისთვის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, სამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის (ვანო მერაბიშვილის) ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მგზავრობა დაგეგმა.

საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე, თავად ელგუჯა ცომაიას გარდა, ბრალი წაუყენეს კიდევ სამ ადამიანს - მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს. მამა-შვილს დანაშაულის დაფარვაზე; ხოლო ცომაიას - დაფარვასთან ერთად დანაშაულის ჩადენაში ხელშეწყობასაც ედავებოდნენ. ამ ოთხეულის საქმე ცალკე განიხილება. ისინი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა 344-ე მუხლით მიმდინარეობდა. მაქსიმალური საპატიმრო სასჯელი 5 წელია.

14 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, სააკაშვილს შეეძლო საბოლოო სიტყვით ესარგებლა, თუმცა მას პროცესში დისტანციურად მონაწილეობა არ მიუღია. მანამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროცესების გადადებას ითხოვდა.

"არაფრად მიგვაჩნია ეს უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც მონურ მორჩილებაში მყოფი მოსამართლეები აცხადებენ. ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნისა და პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია”, – განაცხადა 17 მარტს, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, მართლდება მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ "ივანიშვილი მას [ექსპრეზიდენტს] ქვეყნის აღმშენებლობისთვის სამუდამო სასჯელს უსჯიდა".

2023 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში თქვა, რომ - საქართველოში დაბრუნება ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ამისთვის ცუდი დრო იყო შერჩეული [“ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე”] და არ გამორიცხა, რომ ხალხი, ვინც მისი საქართველოში დაბრუნება დაგეგმა “რუსეთის ჩანერგილი აგენტები”იყვნენ.

N2 “პიჯაკების საქმე”

2025 წლის 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელზე მუშაობაც 11 წლის წინ დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში წაუყენეს.

განაჩენი გამოტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით: მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

პროკურატურის განმარტებით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, “პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის” 9 024 367 ლარი გაიფლანგა. ჩამონათვალშია ხარჯი კოსმეტიკური და გასახდომი პროცედურებისთვის, სტილისტისა და უცხოელი მზარეულის დასაქირავებლად, საჩუქრებისთვის, სუვენირებისთვის, საზღვარგარეთ ლიმუზინისა თუ ვერტმფრენის დასაქირავებლად, შვილების სწავლისთვის დიდ ბრიტანეთში, 7 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის სპორტული პალტოს შესაძენად.

“სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურებაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად - 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 000 ლარამდე და სხვა”, - აღნიშნავს პროკურატურა.

თავად მიხეილ სააკაშვილისა და დაცვის მხარის განმარტებებით, სადავო თანხის ხარჯვა სრულად შეესაბამებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და ქვეყნის ინტერესებისთვის გაწეულ ხარჯებს და ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულია.

  • ექსპრეზიდენტის თანამზრახველად პროკურატურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს - თეიმურაზ ჯანაშიას მიიჩნევდა და მასაც ფულის გაფლანგვაში სდებდა ბრალს.
  • საბოლოოდ, სასამართლომ არ დაადგინა დანაშაულის ჯგუფური ხასიათი, ხოლო თემურ ჯანაშიას არ დაუდასტურდა ფულის გაფლანგვა და საპატიმრო სასჯელის ნაცვლად 300 000 ლარის გადახდა დაეკისრა.


მოსამართლის 12 მარტის განმარტებების შინაარსის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში ყოფნა 2030 წლამდე მოუწევდა. 17 მარტის ახალმა განაჩენმა კი, საერთო საპატიმრო ვადა კიდევ 3.5 წლით გაზარდა.

„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი, არა?...დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე, 12 მარტს.

ის არ დასწრებია განაჩენის გამოცხადებას, თუმცა სურვილი გამოხატა. 11 მარტს, საღამოს, სააკაშვილმა პროცესის გადადება მოითხოვა - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა კი განმარტა, რომ მხარეების მიზეზით განაჩენის გამოცხადება ვერ დაბრკოლდება.

უფრო ადრე, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მიესაჯა სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებთან დაკავშირებით.

N3 სანდრო გირგვლიანის საქმე

2018 წლის იანვარში, მიხეილ სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

კონკრეტულად ეს ბრალი „სანდრო გირგვლიანის საქმეზე“ დაკავებულთა შეწყალებასა და ვადაზე ადრე გათავისუფლებას შეეხება.

პროკურატურის პოზიციით:

  • სააკაშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, როცა 2008 წელს, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, ჯერ შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები შეუმცირა გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს; ხოლო, 2009 წელს, ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით - ისინი პატიმრობიდან 3 წელიწადსა და 9 თვეში გაათავისუფლა. მათი განაჩენი 7 და 8 წლით პატიმრობას ითვალისწინებდა.
  • პროკურატურა აცხადებდა, რომ მთელი ეს პროცესი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად წარიმართა.


2011 წლის აპრილში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და დაადგინა, რომ გამოძიებას აშკარად აკლდა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და საფუძვლიანობა. „გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შეთანხმებული მოქმედებით, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“ - აღნიშნავდა სტრასბურგის სასამართლო.

მიუხედავად იმისა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულთა სასჯელის შემსუბუქებას არავინ ამართლებდა, იურისტები სხვადასხვა დროს განმარტავდნენ, რომ პატიმრების შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და ამასთან, საქმეში არ არსებობდა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

2024 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა მიხეილ სააკაშვილის საჩივარში ასახული შეფასებები, მათ შორის - სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომ განაჩენი [3-წლიანი პატიმრობა] ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებებს, რითაც ირღვეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-7 მუხლები (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე). მიხეილ სააკაშვილის საჩივარში ასევე მითითებული იყო, რომ - პირველი ინსტანციის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

N4 ვალერი გელაშვილის ცემის საქმე

2018 წლის ივლისში მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ საქმეზე. პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის“ შესწავლის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად 8-წლიანი პატიმრობა დაადგინა, თუმცა საბოლოოდ, 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინებით, ექსპრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით განესაზღვრა.

სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ, 2005 წლის 14 ივლისს, პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემა მიხეილ სააკაშვილის დავალება იყო.

ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ „ვალერი გელაშვილის სამაგალითო დასჯა [მიხეილ სააკაშვილმა] დაავალა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, რაზედაც მიიღო უარი”, ხოლო შემდეგ, დავალება მიიღო შს მინისტრმა,“რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით, უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება”; ხოლო დაზარალებულს აღენიშნებოდა “სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია“.

  • გამოძიების თანახმად, გელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის კონდახებით სცემეს.
  • მას ასევე წაართვეს ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ძვირფასი ნივთიც.


პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული წარმომადგენლები. ამბავი შუადღისას მოხდა, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიებამ მიიჩნია, რომ ეს იყო “პირად შურისძიება”, პარლამენტის მაშინდელი წევრის, ვალერი გელაშვილის ინტერვიუს საპასუხოდ.

2005 წლის 29 ივნისს „რეზონანსის” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, გელაშვილი შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდა სააკაშვილის პირად ცხოვრებას.

მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც მან სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა, ვალერი გელაშვილის ცემასაც შეეხებოდა. ექსპრეზიდენტი მიუთითებდა, რომ 2018 წელს მის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა, ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებებს და ორი პოლიტიკური ოპონენტის - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ჩვენებებს, რაც, მისი შეფასებით, არ იყო სანდო.

მაგრამ ამ საჩივარში ევროსასამართლომ არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში დამნაშავედ ცნეს ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც. მას ასევე ბრალად ედებოდა უფლებამოსილების გადამეტება სანდრო გირგვლიანის საქმეზე და დამნაშავედ იქნა ცნობილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის გამოც. 2014 წელს მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.


N5 შვიდი ნოემბრისა და "იმედის" საქმე

მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე, რომელიც ჯერ ისევ განიხილება - 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების შესახებ.

პროკურატურამ სააკაშვილს ამ საქმეზე ბრალი 2014 წლის 28 ივლისს, დაუსწრებლად წარუდგინა; ხოლო 2 აგვისტოს წინასწარი პატიმრობაც შეეფარდა.

გამოძიების თანახმად:

  • ტელეკომპანია „იმედი“ აქტიურად აშუქებდა ხმაურიან მოვლენებს და მათ შორის - სანდრო გირგვლიანის საქმეს; სააკაშვილი უშედეგოდ ცდილობდა ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას მოლაპარაკების გზით და შემდეგ - მისი ხელმძღვანელობით - “ხელისუფლების ყველა შტომ… დაიწყო არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის დევნა და შევიწროება“ ;
  • ტელეკომპანია "იმედის" შენობაში ძალადობრივად შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც “ ტელევიზიის გარშემო პროტესტის გამოსახატად შეკრებილ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებსაც სასტიკად გაუსწორდა, გამოიყენეს მათ მიმართ რეზინის ტყვიები და ძალადობით აიძულეს დაეტოვებინათ ტერიტორია“.


დღევანდელი "იმედი" პროსახელისუფლებო ტელეკომპანიაა. ის ძირითადად "ქართული ოცნების" მხარდასაჭერ მესიჯებს ახმოვანებს.

რაც შეეხება 7 ნოემბრის მიტინგის მასობრივ დარბევას, პროკურატურის თანახმად:

  • “ შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში”, საგანგებო თათბირზე დაიგეგმა - საპროტესტო აქციებში მონაწილეების წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ დაშინებისა და ზეწოლის სხვადასხვა მეთოდი - ცემა თუ ნარკოტიკების ჩადება.
  • რუსთაველის გამზირსა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკად დაარბიეს მომიტინგეები და უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქეს, მათ შორის სახალხო დამცველს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, ჟურნალისტებს.


გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილის გარდა, სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები: გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.


“7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად, რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში.

ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ, მართლა ასე ბნელა?" - აღნიშნავდა დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის დეკემბერში.

მიხეილ სააკაშვილი, დაკავების შემდეგ, 50 დღეზე მეტხანს შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გააუარესა.

2022 წლის მაისში, სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანეს, სადაც დღემდე რჩება.

2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა ვარშავაში დროებით სამკურნალოდ გადაყვანაზე.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, მათ შორის - ოპოზიცია ხშირად მიმართავდა მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ ეს ტექნიკურადაც შეუძლებელი იყო და ასევე - სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას კიდევ უფრო გაამწვავებდა.

"არა და არასოდეს" - არაერთხელ გაიმეორა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG