Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავარმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ნოე.'13 / 12:02


არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 7 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ფოტო: პროკურატურის პრესსამსახური

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 7 ნოემბერს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ ის თანამდებობას 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.  

ეს გადაწყვეტილება, მისი თქმით, არ უკავშირდება რაიმე უთანხმოებას მომავალ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილს შეცვლის. 

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია რაიმე სტრატეგიული ხასიათის უთანხმოება არ არსებობს, მაგრამ „ჩვენ გვქონდა და გვაქვს განსხვავებული შეხედულებები პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით“. 

„მაგრამ აღნიშნული ერთ გუნდში მყოფი, საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია, რაც ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს ბიძინა ივანიშვილის რეფორმატორთა გუნდში“, - განაცხადა კბილაშვილმა ბრიფინგზე.

კბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას ივანიშვილისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა პროკურატურაში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით.

„მაგრამ ეს შეეხება დროს და არა პრინციპს. პრემიერი, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ“, - დააზუსტა მან. 

„იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს. სწორედ ამიტომ, ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა და მასთან ერთად, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ,  საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს თანადგომა გავუწიო იმ ამოცანების შესრულებაში, რასაც იგი საზოგადო მოღვაწეობისას განახორციელებს“, - განაცხადა მან. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის კბილაშვილს მთავრი პროკურორის თანამდებობაზე; მთავარი პროკურორი ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს; ჯერ-ჯერობით ისიც გაურკვეველია, თუ ვინ დაიკავებს ღარიბაშვილის ადგილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან იქნება თუ არა სხვა საკადრო ცვლილებები ახალ მთავრობაში.

კბილაშვილმა, რომელიც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაინიშნა, ასევე განაცხადა, რომ განვლილი ერთი წელიწადი საქართველოს პროკურატურისათვის „რეპრესიიდან ლიბერალიზაციისაკენ გარდამავალი პერიოდი იყო“, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად, ასევე მოიცავდა „სასამართლოს კონტროლზე“ უარის თქმას.

აღნიშნა რა ის ფაქტორი, რომ მისი საქმიანობის დრო საქართველოში „ორხელისუფლებიანობის“ დროს დაემთხვა, კბილაშვილმა განაცხადა: „ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატი“.

„თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო“, - განაცხადა მან.

„აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ვერ ვხედავდი ან მომწონდა ნაკლოვანებები, რაც პროკურატურის სისტემას მემკვიდრეობით აქვს მიღებული“, - განაცხადა კბილაშვილმა.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ ახალი პრეზიდენტის და ახალი პრემიერის უფლებამოსილების დადასტურებისთანავე, ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში; უნდა მოხდეს ფუნქციათა გამიჯვნა, შიდა კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება, გამოძიებაზე პროკურატურის საზედამხედველო როლის გაძლიერება. პროკურატურის რეპრესიული მანქანა უნდა შეიცვალოს ინსტიტუციონალურად ახალი, ევროპული მოდელის პროკურატურით. განსახორციელებელი რეფორმის უვერტიურად მესახება  ახალი პოლიტიკის შემუშავება თეთრი საყელოს დანაშაულის გამოძიებისას“, - განაცხადა კბილაშვილმა.

მისი თქმით, „დადგა დრო მკაფიო პასუხი გაეცეს ქონებაჩამორთმეულთა და უკანონო განაჩენების მსჯავრდებული ადამიანების პრეტენზიებს“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4