XX საუკუნის პირველ ნახევარში ბევრი ცნობილი, ძვირადღირებული ბრენდი და კორპორაცია თანამშრომლობდა გერმანიის ნაცისტურ რეჟიმთან. ამ სტატიის მათი განსჯა და გასამართლება არ გვსურს, ეს მხოლოდ ისტორია და ფაქტებია… თუმცა, აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ, ბევრმა მათგანმა ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის ბოდიში მოიხადა და ნაცისტურ რეჟიმი და ის ქმედებები, რასაც ჰიტლერი და მისი რეჟიმის მხარდამჭერები აკეთებდნენ საჯაროდ დაგმო.

BMW

BMW ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილების მწარმოებელია, თუმცა, ბრენდის ყველა გულშემატკივარმა არ იცის, რომ BMW-მ მესამე რაიხს თვითმფრინავის ძრავები, მოტოციკლები და სამხედრო მანქანები მიაწოდა. ბევრი კომპანიის მსგავსად, რომლებიც ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ, BMW-მ არ თქვა უარი უფასო შრომის გამოყენებაზე სამხედრო ტყვეებისა და ბანაკის ტყვეების სახით.

მოგვიანებით კომპანიამ ღრმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანიაში ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობდა. კომპანიის ასი წლისთავის ღონისძიებაზე, 2016 წელს, კომპანიამ ბოდიში მოიხადა ნაცისტური რეჟიმისა და ადოლფ ჰიტლერისთვის მანქანების მიწოდებისთვის.

SIEMENS

მეორე მსოფლიო ომის დროს, კომპანია პასუხისმგებელი იყო გერმანიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, კომუნიკაციებზე და ელექტროენერგიის წარმოებაზე. თუმცა, Siemens-ის ქარხნებმა ფართოდ გამოიყენეს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებისა და სამხედრო ტყვეების იძულებითი შრომა. მუშებმა ააშენეს გაზის კამერები, რომლებიც შემდეგ იარაღად იქცა მათი ოჯახების მოსაკლავად. პატიმრებს შეეძლოთ ცოცხლები დარჩენილიყვნენ მანამ, სანამ მათ ჰქონდათ ძალა და მუშაობის უნარი.

2001 წელს Siemens-მა სცადა ახალი პროდუქციის ხაზის - გაზქურის გამოშვება, რომელსაც ერქვა „ციკლონ-B", რამაც შოკში ჩააგდო საზოგადოება, რის შემდეგაც  Siemens-მა ამ გაზქურის წარმოება შეწყვიტა.

ფორდი - ჰიტლერის ინსპირატორი

ჯერ კიდევ ომამდელ პერიოდში, გერმანიის სამხედრო ძალაუფლების ფარული გაძლიერების პერიოდში, ამერიკელმა ჟურნალისტმა ანეტა ანტონმა ინტერვიუ ჩაატარა ადოლფ ჰიტლერთან. კორესპონდენტმა ჰკითხა, რა როლს თამაშობდა ამერიკელი ავტომწარმოებელი ჰენრი ფორდი გერმანელი პოლიტიკოსის ცხოვრებაში. ნაცისტური გერმანიის ლიდერმა უპასუხა: „ჰენრი ფორდს ჩემს შთაგონებად ვთვლი." 

წარმატებულმა მეწარმემ ომის დაწყების შემდეგაც არ თქვა უარი ჰიტლერთან თანამშრომლობაზე და აქტიურად ეხმარებოდა გერმანელებს რეზინით, რაც გერმანულ ინდუსტრიას ნამდვილად სჭირდებოდა. ნაცისტებმა ფორდის ფილიალებში წარმოებული 60 000 მეტი სატვირთო მანქანა მიიღეს.

1943 წელს ფორდმა დათმო კომპანიის კონტროლი შვილიშვილის სასარგებლოდ, ხოლო ომის შემდგომ ეპოქაში ჰენრი ფორდ II-მ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ბრენდის რეპუტაციის აღსადგენად. საავტომობილო კორპორაციის დამფუძნებელი გარდაიცვალა 1947 წელს, 83 წლის ასაკში. არსებობს ვერსია, რომ მეწარმემ მწარედ მოინანია ნაცისტებთან თანამშრომლობა.

Fanta

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, Coca-cola-მ შეწყვიტა თავისი პროდუქციის მიწოდება მესამე რაიხისთვის. გერმანული Coca-Cola-ს ხელმძღვანელმა მაქს კიტმა, 1940 წელს, გერმანიაში არსებული ინგრედიენტებისგან, საკუთარი სასმელი - Fanta შექმნა. სასმელი პოპულარული იყო ნაცისტებში.  Coca-Cola-მ Fanta-ს სასაქონლო ნიშანზე უფლებები 1960 წელს მოიპოვა.

Hugo Boss

გერმანული მოდის კომპანია Hugo Boss აქტიურად თანამშრომლობდა ნაცისტურ რეჟიმთან. მას შემდეგ, რაც ბრენდის დამფუძნებელი ჰუგო ბოსი ნაცისტური პარტიას შეუერთდა, ქარხანამ სამხედროებისთვის უნიფორმების შეკერვაზე შეკვეთა მიიღო და სწორედ Hugo Boss-ის შეკერილი უნიფორმები ეცვათ ნაცისტური რეჟიმის მსახურებს, უკლებლივ ყველას - უბრალო ჯარისკაცით დაწყებული, ჰიტლერით დასრულებული. თუმცა, ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის კომპანიამ ბოდიში 2011 წელს მოიხადა. 

BAYER და IG Farben

BAYER -ის ისტორია პირველი მსოფლიო ომით იწყება, როდესაც გერმანიამ მეორე მსოფლიოს ომში ქიმიური იარაღის გამოყენება დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. კონცერნი, რომელიც აერთიანებდა BASF-ს, Bayer-ს, Hoechst-ს და სხვა ქიმიურ და ფარმაცევტულ კომპანიებს, აქტიურად აფინანსებდა ადოლფ ჰიტლერის საარჩევნო კამპანიას. IG Farben-მა დააფინანსა ცნობილი „ციკლონი B “ გაზის წარმოება, რომელიც გამოიყენებოდა გაზის კამერებში ადამიანების წინააღმდეგ. კომპანიამ ასევე ჩაატარა საკუთარი სამედიცინო ექსპერიმენტები ჰოლოკოსტის მსხვერპლებზე. ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალში IG Farben გაასამართლეს ომის დანაშაულებში. IG Farben არის გერმანული ქიმიური კომპანია, რომელმაც აწარმოვა „„ციკლონ-B“, რომელიც გამოიყენებოდა საკონცენტრაციო ბანაკების გაზის კამერებში. ომის შემდეგ კომპანიის ქონება გადანაწილდა საწარმოებს შორის ქიმიურ და ფარმაცევტულ მრეწველობაში და კონცერნის მრავალი ლიდერი სასამართლოს წინაშე წარდგა. IG Farben-ის საბოლოოდ ლიკვიდაცია უკვე 2012 წელს გახდა შესაძლებელი.

Volkswagen

ფერდინანდ პორშე არა მხოლოდ ამავე სახელწოდების საავტომობილო კომპანიის შექმნითაა ცნობილი... 1934 წელს ადოლფ ჰიტლერთან შეხვედრის შემდეგ პორშე ხელმისაწვდომ სახალხო მანქანის - Volkswagen-ის შექმნის  შეუდგა. ისტორიაში ყველაზე პოპულარული ავტომობილი, Volkswagen ხოჭო, ნაცისტური გერმანიის ნაყოფია. ეს მოდელი იწარმოებოდა 1938 წლიდან 2003 წლამდე. ნაცისტური მმართველობის დროს კონცერნის ქარხნები ტყვეების შრომას იყენებდნენ.

Kodak

ნაცისტებთან თანამშრომლობდა ამერიკული კომპანია Kodak-ი, რომელიც აწარმოებს ფოტო მასალასა და აღჭურვილობას ფოტოგრაფიისთვის. სხვათა შორის, ეს მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი. 1930-იან წლებში Kodak-ს ჰქონდა შვილობილი კომპანიები გერმანიაში და მთელ ევროპაში. Kodak-მა ნაცისტებს მიჰყიდა დიდი რაოდენობით ფოტო და ელექტრონული მოწყობილობა, რომელთა უმეტესობას სამხედროები იყენებდნენ. ასევე, კომპანიის საწარმოებში დასაქმებული იყვნენ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკებიდან პატიმრები.

Puma და Adidas

ძმები ადოლფი და რუდოლფ დასლერები ფეხსაცმელს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან კერავდნენ. მას შემდეგ, რაც ადოლფ ჰიტლერის პარტიამ მოიგო არჩევნები, ძმები დასლერები ნაცისტებს შეუერთდნენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძმები ნაცისტური პარტიის ერთგული წევრები იყვნენ, ქარხნები ჩამოართვეს და თავად ფრონტზე წავიდნენ. ერთ-ერთ ქარხანაში ნაცისტები ცდილობდნენ დაეარსებინათ ხელის  ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების წარმოება, მაგრამ ქარხნის აღჭურვილობა არ იყო შესაფერისი ასეთი წარმოებისთვის, ამიტომ ადოლფი ჯარიდან ერთი წლის შემდეგ, გერმანელებისთვის ჯარისკაცების საწვრთნელი ფეხსაცმლის წარმოებისთვის, დააბრუნეს.

გერმანიის დამარცხების შემდეგ, რუდოლფი სამხედრო ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდა. ომის შემდეგ ძმები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ საოჯახო ბიზნესის დაარსებას. მოგვიანებით, უთანხმოების შემდეგ, ადოლფ დასლერი ქმნის კომპანია - Adidas-ს, ხოლო რუდოლფი - Puma-ს.

წყაროები: medium.com, independent, Livejournal, BBC, Idl.org