სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ინტერნეტ მედიისთვის სასამართლო პროცესების გადაღების აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2023-10-12 10:32
Featured image

2023 წლის 5 ოქტომბერს, საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საინფორმაციო ცენტრების ქსელის სახელით. დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. აღნიშნული ნორმები სასამართლო პროცესის გადაღების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმ შემთხვევაში თუ, ეს უკანასკნელი არ გამოხატავს ინტერესს, სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ენიჭება საერთო საეთერო მაუწყებელს (ტელევიზია და რადიო, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო პროგრამები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემები). თუ პროცესის გადაღების სურვილს რამდენიმე საერთო მაუწყებელი გამოთქვამს, მაშინ წილისყრით შეირჩევა ის საერთო საეთერო მაუწყებელი, რომელსაც სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ექნება. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე საერთო მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდონ სხვა მედია საშუალებას.

არსებული რეგულაციის მიხედვით, კონკრეტული პროცესის გადაღების მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლების ინტერესის არარსებობის პირობებშიც, ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას არ აქვს სასამართლო პროცესის გადაღების შესაძლებლობა. მსგავსი შემთხვევა ჰქონდა სწორედ მოსარჩელეს, რომელიც ფლობს ისეთ ინტერნეტ პორტალს როგორიცაა, „მთის ამბები“ და „reginfo.ge”. მას პროცესის გადაღების უფლება შეეზღუდა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ.

ამდენად, გასაჩივრებული ნორმები ინტერნეტ მედიას უკრძალავს სასამართლო პროცესის გადაღებას/პირდაპირ ეთერში გაშვებას, მაშინაც კი, როცა პროცესს არ ესწრება და არ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ან სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი. ამდენად, გასაჩივრებული ნორმებით ირღვევა ინტერნეტ მედიის კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების უფლება, ასევე, მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლება.

 

საია ამ საქმეს აწარმოებს USAID მედიის პროგრამის მხარდაჭერით.