ახალი ამბები

ახალი მთავარი პროკურორი დაინიშნა

ახალი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძე დაინიშნა, რომელმაც  ამ თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილი შეცვალა. ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თვის დასაწყისში გააკეთა.

37 წლის ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის რეგიონში შარშან, სანამ 2013 წლის იანვარში ამ სამსახურის უფროსის მოადგილე გახდებოდა; შემდეგ იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დააწინაურეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რომელსაც არაფორმალურად ფინანსური პოლიციას უწოდებენ, ფინანსური დანაშაულის გამოძიებას კურირებს.

დღესვე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა იმ მოტივით, რომ მას სურს მთავარ პროკურორს „თავისუფლება“ მისცეს საკუთარი გუნდის შერჩევის საქმეში. ქალაქის მთავარმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა ასევე დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება.

21 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ფარცხალაძე აცხადებს, რომ მისი ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება „ძლიერი და ერთიანი პროფესიული გუნდის“ ჩამოყალიბება.

„საქართველოს პროკურატურამ  გასული ერთი წლის განმავლობაში გარდამავალი პერიოდი გაიარა, რომელიც გამოირჩეოდა  სირთულეებით და  პრობლემებით, რომელთა ნაწილის დაძლევა მოხერხდა კიდეც. თუმცა ვფიქრობ, რომ  დღეის მდგომარეობით პროკურატურის წინაშე სხვა სახის და კიდევ უფრო რთული გამოწვევები დგას, რომელთა წარმატებით დაძლევისკენ  მიმართული იქნება  ჩემი მუშაობა და ძალისხმევა“, – ნათქვამია ახალი მთავარი პროკურორის განცხადებაში.

„პროკურატურის  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიმაჩნია სტაბილური და თანმიმდევრულად განვითარებადი პროკურატურის სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბება. რაც, თავის მხრივ,  გულისხმობს ხარისხიანი და ეფექტური გამოძიების წარმოებას, კომპეტენტური საპროცესო ზედამხედველობის განხორციელებას, სასამართლო პროცესებზე პროკურორთა კვალიფიციურ გამოსვლას. პროკურატურის მუშაკთა უმრავლესობა  პროფესიონალია, თუმცა ცხადია, ამით არ გამოვრიცხავ გარკვეული საკადრო ცვლილებების განხორციელებას  და  სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, რომლის მიზანი სისტემის  სრული გაჯანსაღება და მუშაობის გაუმჯობესება იქნება“, – აღნიშნა ფარცხალაძემ.

ოფიციალურად ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა და ახალმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, როგორც ამას კანომდებლობა ითვალისწინებს. პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მაგრამ სწორედ ღარიბაშვილი იყო, რომელმაც პირველმა გააკეთა საჯარო განცხადება 8 ნოემბერს, რომ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი გახდებოდა. მაშინ წულუკიანმა განაცხადა, რომ ის პირადად არ იცნობს ფარცხალაძეს, მაგრამ ენდობა ღარიბაშვილის არჩევანს.

18 ნოემბერს წულუკიანმა განაცხადა რომ მას ხანგრძლივი შეხვედრა ქონდა ფარცხალაძესთან, რომლის დროსაც დეტალურად განიხილეს "საკითხები, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარი პროკურატურისთვის და ზოგადად საქართველოში საგამოძიებო საქმისთვის.“

„ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ ბატონი ფარცხალაძის და ჩემი ხედვა აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო საქმე ჩვენ უნდა ავიყვანოთ ხელოვნების ხარისხში იმიტომ, რომ მტკიცებულებების და გამომძიებლის საქმე თუ არ იქნა პრიორიტეტი, მაშინ თვითონ პროკურორს გაუჭირდება მუშაობა. მას აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც პროკურატურაში უნდა ჩაატაროს და მე ვიქნები ერთ–ერთი ამ გუნდის წევრი, რომელიც მას ამ საქმეში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს“, – განაცხადა წულუკიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button