Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„გარეთ არ უნდა გამოვიდეს“ – მკვლელობის საქმე, რომლისთვისაც მე-8 თვეა ვერ შეარჩიეს ნაფიცი მსაჯულები

„გარეთ არ უნდა გამოვიდეს“ – მკვლელობის საქმე, რომლისთვისაც მე-8 თვეა ვერ შეარჩიეს ნაფიცი მსაჯულები


მოკლული არჩილ წუწუნავა
მოკლული არჩილ წუწუნავა

14 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან 27 წლის არჩილ წუწუნავას მეგობრები შეიკრიბნენ, პროტესტის ნიშნად... არჩილი 2024 წლის 15 ივლისს მოკლეს. მისი მკვლელობიდან 8 თვე გავიდა და სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების შეკრება ვერ მოახერხა. 12 მსაჯულიდან, მხოლოდ 6 არის შერჩეული. 

თუ მსაჯულების შერჩევა და მათი მონაწილეობით სასამართლო პროცესები ერთ თვეში არ დასრულდება, მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეც გავა და ის 14 აპრილს საპატიმროს დატოვებს.

27 წლის არჩილ წუწუნავა დანით, სასიკვდილოდ დაჭრეს გასული წლის 15 ივლისს, გვიან ღამით ბათუმის ერთ-ერთ ბარში. კაცი კლინიკაში მიყვანამდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 29 წლის რევაზ ცეცხლაძე დააკავა. ის წარსულშიცაა ნასამართლევი.

პროკურატურის ბრალდებაში აღწერილია, ბარში გინებასა და შეურაცხყოფებზე მიღებული შენიშვნის შემდეგ, როგორ გადაიზარდა კაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში და როგორ დაჭრა დანით ბრალდებულმა ახალგაზრდა კაცი.

დაკავებულ რევაზ ცეცხლაძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულმა მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულის შერჩევა კი 8 თვეა ვერ ხერხდება. ამ დრომდე ბრალდებისა და დაცვის მხარემ მხოლოდ 6 მსაჯული შეარჩიეს.

ნაფიცი მსაჯულების შესარჩევი ბოლო სხდომა 14 მარტს გაიმართა. მოსამართლე ლევან ყოლბაია, დაცვისა და ბრალდების მხარეები, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ, 26 კანდიდატს გაესაუბრნენ, თუმცა მხოლოდ ერთი აირჩიეს. ერთი ბრალდებულის ადვოკატმა აიცილა, რის უფლებასაც მას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აძლევს.

2010 წლიდან საქართველოში მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ეს შეიძლება იყოს: განზრახ მკვლელობა, ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, ტრეფიკინგი - სულ 17 სხვადასხვა მუხლი. ბრალდებულს აქვს უფლება, უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე. ასეთ შემთხვევაში საქმეს მხოლოდ მოსამართლე განიხილავს.

ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იცის ქართული და არ არის უნარშეზღუდული. თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი: ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; ასევე მოქალაქე, რომელიც ირიცხება შეიარაღებულ ძალებში; სასულიერო პირი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი. ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან სამოქალაქო რეესტრის ერთიანი სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

„ხალხით სავსე ქუჩაზე ჩემ თვალწინ მოკლეს, შუა ზაფხულში. კამერებიც იყო და 10-მდე მოწმეც. საგამოძიებო პროცესი ერთ დღეში დასრულდა და გაუგებარია, რატომ ვერ შეირჩა ნაფიცი მსაჯულები დღემდე. მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლო სისტემა გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს დროულ მართლმსაჯულებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლება ნინო შაინიძე, არჩილ წუწუნავას შეყვარებული და ამატებს - „14 აპრილს გადის წინასწარი პატიმრობის ვადა. შესაბამისად, ბრალდებული აღმოჩნდება გარეთ… მკვლელი და საზოგადოებისთვის საშიში პირი გარეთ არ უნდა გამოვიდეს ერთ თვეში“.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა. როგორც წესი, სასამართლო და მხარეები მოწოდებულები არიან 9-თვიან ვადაში ჩაეტიონ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვის დასრულების მაქსიმალური ვადა 24 თვეა.

სასამართლო პრაქტიკა ასეთია - თუ საქმის განხილვა წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის გასვლამდე ვერ დასრულდა, მაშინ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს. იმისთვის, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მიმალვისა და მართლმსაჯულებისგან თავის აცილების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანონ, ბრალდებულს გირაოს უფარდებენ და დამატებით შეზღუდვებსაც უწესებენ, მაგალითად, შეიძლება პასპორტი ჩამოართვან.

ეკა არეშიძე, მოსამართლე
ეკა არეშიძე, მოსამართლე

„9-თვიანი საპატიმრო ვადის გასვლა არ ნიშნავს პირის გამართლებას, მაგრამ როცა პოტენციური დამნაშავე გარეთ გამოდის დაზარალებულთა ოჯახისთვის ეს რთული აღსაქმელია, რა თქმა უნდა. მეორე მხარესაც რომ შევხედოთ, არა დაზარალებულის პერსპექტივიდან, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს ყველა პირის მიმართ. 9-თვიანი ვადის გასვლის გამო, რომ პირი თავისუფლდება, ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ როცა ნაფიცი მსაჯული ხედავს, რომ ასეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი გარეთაა, ეს როგორ აისახება ნაფიცი მსაჯულზე, ესეც რისკია, ჩემი აზრით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ.

ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში, ყველაზე გამოცდილი ქართველი მოსამართლეა. ეკა არეშიძეს ყველაზე მეტი ასეთი საქმე აქვს განხილული და მსაჯულების ყველაზე მეტი შერჩევა ჩატარებული.

მოსამართლისთვის, მათ შორის, კოლეგებისგან ცნობილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულების სწრაფად შერჩევის პრობლემა აქვს.

მიზეზი - სხვადასხვანაირი. მათ შორის, დაბალი სამოქალაქო კულტურა, უპასუხისმგებლობა სასამართლოში გამოცხადებაზე და ამ პრობლემაზე პასიური სასამართლო კონტროლი, სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა... ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ვადების არარსებობა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების შერჩევის საკითხი ბოლო წლებში დარეგულირდა და მაქსიმუმ 4 სხდომაში შეირჩევა ხოლმე. ყველაზე პრობლემურ რეგიონად კი ისევ ითვლება აჭარა. მხოლოდ მხარეების და სასამართლოს პასუხისმგებლობა არაა ეს. საზოგადოების ცნობიერებაა დაბალი, არავის არ უნდა ნაფიცი მსაჯულობა, ცოტა ადამიანი ცხადდება და იმ გამოცხადებულ პირთა შორისაც პრობლემაა ობიექტური ნაფიცი მსაჯულების შერჩევა. ამაზე კოლეგებისგანაც მსმენია“, - ამბობს მოსამართლე, ეკა არეშიძე.

წლებია, რაც ბათუმში ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ჭირს. მაგალითად 2021 წელს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა სიუჟეტი სისხლის სამართლის სამ საქმეზე, რომლებზეც მსაჯულების შერჩევას მოსამართლეებმა ორი წელი მოანდომეს.

„იმ ბრალდებულთა ვერდიქტი, რომლებმაც არჩიეს, რომ მათი საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტონ, დროში გაიწელა. მიზეზი ის გახლავთ, რომ აჭარაში ნაფიცი მსაჯულები ვერ შეირჩა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის მძიმე კატეგორიის ბრალდებულები განაჩენს ელიან.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ორი წელია დაიწყო, თუმცა ჯერ მათი მონაწილეობით არცერთი პროცესი არ გამართულა“, - ამბობდა ჟურნალისტი სიუჟეტის წარდგენაში.

რადიო თავისუფლებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში უთხრეს, რომ 2025 წელს ბათუმის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მხოლოდ სამი საქმე განიხილება. ერთზე მსაჯულები უკვე შეარჩიეს, ორზე კი ახლა მიმდინარეობს. მათ შორისაა არჩილ წუწუნავას მკვლელობის საქმეც.

საქართველოში, 2011-2023 წლებში, 13 წლის განმავლობაში ნაფიცმა მსაჯულებმა 105 ბრალდებულის მიმართ 88 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. 34 გაამართლეს, ხოლო 71 დამნაშავედ ცნეს. ყველაზე მეტი საქმე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. 2011-2021 წლების სტატისტიკა ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე არსებულ მონაცემებს, ხოლო 2022-2023 წლების მონაცემები „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიიღო.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი უვადოა და „გაგრძელდება მანამ, სანამ კანონით განსაზღვრულ შემადგენლობას არ მიაღწევენ“, - წერია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

14 მარტს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის მორიგ პროცესს დაესწრო გამოცემა ბათუმელების ჟურნალისტი. ჯაბა ანანიძე გამოქვეყნებულ რეპორტაჟში წერს:

„ერთმანეთის მიყოლებით აწია ხელი რამდენიმე კანდიდატმა, როცა მოსამართლემ თვითაცილების შესახებ დასვა შეკითხვა. ნაფიცი მსაჯულების კანდიდატებს შორის თვითაცილება ძირითადად ქალებმა მოითხოვეს: „მე შვილს ვერავის დავუტოვებ“, „მარტოხელა დედა ვარ“, „რეპეტიტორი ვარ და ბავშვებს ვამზადებ, ვინ ამინაზღაურებს ამას?“ „ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, აი, დოკუმენტები“ – მიაყარეს მოსამართლეს მსაჯულობის კანდიდატებმა“.

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ არჩილ წუწუნავას მკვლელობის 26 კანდიდატიდან 11-ს თვითაცილების სურვილი გაითვალისწინა. დარჩენილ კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კი, მხარეებმა მხოლოდ ერთი მსაჯული შეარჩიეს.

კანონით, მსაჯულობის კანდიდატებს აქვთ აცილების უფლება, მაგრამ მათ უნდა დაასაბუთონ, რატომ არიდებენ თავს ამ პასუხისმგებლობას.

„მსაჯულების კანდიდატებთან გასაუბრებამ მკაფიოდ აჩვენა ორი რამ: მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ ნაფიცი მსაჯულების სისტემა ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია, თუმცა თვითონ არ არის მზად, მსაჯული გახდეს, ან არ სურს მართლმსაჯულების სისტემის ნაწილად თუნდაც ერთ საქმეში გახდეს“, - ასკვნის ბათუმელების ჟურნალისტი.

„ამის ერთ-ერთი მიზეზი სასამართლოს მიმართ უნდობლობაც შეიძლება იყოს“, - ამბობს იურისტი გურამ იმნაძე რადიო თავისუფლებასთან.

გურამ იმნაძე, იურისტი
გურამ იმნაძე, იურისტი

„შეიძლება შერჩევის პროცესიც ბოლომდე მოქნილი არ არის, მაგრამ სამოქალაქო შეგნების თვალსაზრისით მოქალაქეები არიდებენ თავს სასამართლოში მისვლას, რის გამოც დაკომპლექტება რთულდება. ამ კონკრეტულ საქმეზე მხარეები რთულია რამეში დავადანაშაულოთ, მაგრამ ზოგადად ის სასამართლოს მიმართ [დაბალი] ნდობით შეიძლება აიხსნებოდეს “, - ამბობს ის.

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებისთვის სასამართლოს შესარჩევ სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა 500-დან 1 500 ლარამდე ჯარიმით ისჯება. ეს ადამიანის ფინანსური მდგომარეობის და მიყენებული ზიანის შესაბამისად ითვლება.

„თუ ნაფიცი მსაჯული არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას, როგორც წესი, მოსამართლეები ჯარიმებს არ იყენებენ და ეს ვერ უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას. ეს სისტემის პასიურობაზე მიანიშნებს“, - ამბობს იურისტი გოგა ხატიაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

გოგა ხატიაშვილი, იურისტი
გოგა ხატიაშვილი, იურისტი

„ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაკომპლექტებას ხელოვნურად აჭიანურებს ბრალდებულის მხარე, როცა არჩეულ მსაჯულებს დაუსაბუთებლად იცილებს“, - ამ მიზეზს ასახელებენ გაჭიანურების მიზეზად მოკლული არჩილ წუწუნავას მეგობრები, რომლებიც ყველა შესარჩევ სხდომას ესწრებიან.

„მოკლული რომ ყოფილიყო ვინმე მნიშვნელოვანი ადამიანი, ეს მოხდებოდა ორ სამ დღეში. ჩვენ 8 თვე გვიწევს ლოდინი“, - ასეთია მოკლულის მეგობრების განცდა.

როგორც დაზარალებულ, ისე ბრალდებულ მხარეს უფლება აქვთ მსაჯულობის კანდიდატი დაუსაბუთებლად აიცილონ. დაზარალებულს ამ ფორმით 10 კანდიდატის აცილება შეუძლია, ბრალდებულს კი ექვსის. აქედან სამი აცილება უკვე გამოიყენა.

„თითოეულ სხდომაზე არანაკლებ 10 ადამიანი გამოცხადდა, იყო შემთხვევა, როცა 15 გამოცხადდა, ორი სხდომა უამინდობის გამო ვერ ჩატარდა. გასაუბრებაზე მოსულთა შორის კი ნაფიცი მსაჯულების სამართლებრივი შეგნება მისი მოქალაქეობრივი მისწრაფებები არ იძლეოდა მათი შერჩევის საშუალებას.

მაგალითად, მოვიდა მოქალაქე, რომელიც აცხადებდა, რომ თუ გავიგე დანაშაულის შესახებ მე არ განვაცხადებ პოლიციაში, ასეთის შერჩევა შესაძლებელია? თუ ჩემზე მოხდა ზეწოლა ვერ განვაცხადებ სამართალდამცველებში - ასეთი შემთხვევებიც გვქონდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაკავებულის ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მოკლული ბიჭის მეგობარი, ნინო შაინიძე ამბობს, რომ პროკურატურა დაზარალებულ მხარეს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.

საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებულმა ბრალი უნდა აღიაროს, რეალურ სასჯელზე კი, მას პროკურორი უნდა შეუთანხმდეს. ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება და დუმილის უფლებას იყენებს. საპროცესოს შემთხვევაში ბრალდებულს სასჯელის მოხდა ნაკლები დროით მოუწევს.

„საქ-ოს პროკურატურაში შემოსულია განცხადება, რომლის საფუძველზეც გარდაცვლილის დედა მოითხოვს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს შეღავათები“, - თქვა პროკურორმა, ლაშა ბიწაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეული ჯერ არ არის. საპროცესოს გაფორმებას არ ეთანხმებიან მოკლულის მეგობრები და შეყვარებული ნინო შაინიძე. ის მოითხოვს, რომ მკვლელობაში ბრალდებული კანონის შესაბამისად დაისაჯოს და შეღავათების მიღება ვერ შეძლოს.

რატომ შეიძლება საპროცესო შეთანხმება სურდეს პროკურატურას? - ამ კითხვაზე ვერსია აქვს იურისტ გოგა ხატიაშვილს:

„მართლმსაჯულებამ უნდა შეკრიბოს სწრაფად ნაფიცი მსაჯულები, თუ ამას ვერ ახერხებს ეს მართლმსაჯულების სისუსტეზე მიუთითებს და მეორე ის, რომ 9 თვე გავიდა და საქმე წინ არაა წასული. ეს პროკურატურის სისუსტეცაა, აქედან გამომდინარე, მოტივაციაა საპროცესო გააფორმონ, რათა 9 თვეში დაასრულოს საქმე“.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთ თვეშიც რომ შეძლოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის დაკომპლექტება, საქმის განხილვის დასრულება წინასწარი პატიმრობისთვის განსაზღვრულ ცხრა თვეში მაინც ვერ მოესწრება. დიდი ალბათობით, 27 წლის არჩილ წუწუნავას მკვლელობაში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG